რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმიანება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებს მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, რეჟიმს დარჩა ერთადერთი შემაკავებელი ძალა - ხალხი.
„რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.
რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან.
რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა - ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ”,- წერს სამადაშვილი.
ცნობისათვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.
ზურაბაშვილის თქმით, რუსულმა მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.
მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანიაა დასანქცირებული რუსეთის მიერ და კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო – ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით", - განაცხადა ზურაბაშვილმა.