თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა მიიჩნევს, რომ ე.წ. "მობილურ" ექიმებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50-%-იანი სატრანსპორტო შეღავათი უნდა დაუწესდეს.
"მერიის წინადადებაა, რომ იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც პაციენტებთან ბინებში ვიზიტი უწევდათ, სატრანსპორტო შეღავათი დაუწესდეთ. განსაკუთრებით ასეთი გამოძახებები ზამთრის პერიოდში, სეზონური გრიპის დროს არის აქტუალური. ჩვენი აზრით, უკეთესია თუ ამ ტიპის პაციენტებს ბინაზე უმკურნალებენ და სამედიცინო დაწესებულებაში მისვლით არ დატვირთავენ. ეს შეღავათი "მობილურ" ექიმებს შეეხებათ და არა სხვა მედ-პერსონალს,"_აღნიშნა მამუკა ქაცარავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, "მობილურ" ექიმებს ხშირად უწევთ გადაადგილება და მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა.