საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ალექსანდრე ვონდრა და საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს შეხვდა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ხელშეკრულებების დასრულების აუცილებლობას, რომელთა ხელმოწერაც იგეგმება 2011 წლის გაზაფხულზე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან არსებული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გასულ წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. დეტალურად იქნა განხილული როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ასევე აქტუალური რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ჩეხურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის მადლობაც გადაუხადა.