"ქრისტიან-დემოკრატები" ბუნებრივი რესურსების ენერგეტიკის სამინისტროში გადატანის აზრს ვერ ხედავენ. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატმა" რატი მაისურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივი რესურსებიდან ივსება ბიუჯეტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში, შესაბამისად, ბუნებრივ რესურსებთან ენერგეტიკის სამინისტრო რა შუაშია, გაუგებარია.
"ბუნებრივი რესურსების სფერო თუ არ დარჩება გარემოს დაცვის სამინისტროში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უნდა გადავიდეს. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა", - აღნიშნა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტით, ბუნებრივი რესურსების მართვა მთლიანად ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა და მას "ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების" სამინისტრო დაერქმევა.