პრინცი ჰარი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, კვლავ იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. ამასთან, ის ევროპას მოუწოდებს, გააცნობიეროს რუსეთისგან მომდინარე საფრთხე და მუდმივი სიფხიზლე შეინარჩუნოს. ამის შესახებ მან The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გამოცდილებიდან მთელ მსოფლიოს ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
„თუ მთხოვენ, საჭიროების შემთხვევაში კვლავ შევუერთდე შეიარაღებულ ძალებს, 100%-ით მზად ვიქნები, ჩემს ქვეყანას ჩემს თანამებრძოლ ვეტერანებთან და მოქმედ სამხედროებთან ერთად ვემსახურო“, - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
ჰარი ასევე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან კონფლიქტში უკვე ბოლო ათი წელია იმყოფება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე დრონები, ტყვიები და რაკეტები არ ვარდება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში არ არის.
„ის, რომ ჩვენკენ დრონები, ტყვიები და რაკეტები არ მოფრინავს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ომში არ ვართ“, - განაცხადა მან.
ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ომს იგებს. მისი შეფასებით, რუსეთს ომიდან გამოსვლის სტრატეგია სჭირდება, თუმცა დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეამციროს.
„უკრაინისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ვფიქრობ, უკრაინისგან მთელ მსოფლიოს ბევრი რამის სწავლა შეუძლია“, - განაცხადა მან.
მან ასევე გააფრთხილა დასავლეთი, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის შემცირების დრო არ არის. პირიქით, მისი თქმით, დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა უნდა გააორმაგოს და უკან არ დაიხიოს
პრინცის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე აშშ-ის საზოგადოებასა და ადმინისტრაციას შორის განსხვავებაა. მისი თქმით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მაღალია, თუმცა ადმინისტრაციის პოზიცია შესაძლოა განსხვავდებოდეს.
ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე გააცნობიერა, თუმცა ყველაზე მეტად ის აშფოთებს, რომ კონტინენტზე შიდა დაპირისპირება შეიძლება გაძლიერდეს.
ჰარი უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მისი თქმით, უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო წარმომადგენლებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს და ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება.