საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ჯაბა სამუშია თბილისის მერიას ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობაში ადანაშაულებს და სამარშრუტო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის გაუქმებასა და ახლიდან ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერის ახლიდან ჩატარების შემთხვევაში, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მხოლოდ, იმ კომპანიებმა, რომლებიც რეალურად ფლობენ ავტოპარკს.
"4 თვის წინ ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტენდერის შემდეგ წარმოიქმნებოდა ის საფრთხეები, რომლებიც ეხლა არსებობს. თბილისის მერიის მხრიდან იყო ჩარევა ამ ტენდერში. ტენდერის გამოცხადების შემდეგ, "ქრისტიან-დემოკრატებმა" დავაყენეთ, ინიციატივა, რომ გარკვეული უპირატესობა მისცემოდათ იმ კომპანიებს, დღეს დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც რეალურად ფლობენ ავტოპარკებს. სატრანსპორტო კოლაფსი დაიწყო მას შემდეგ, რაც ტენდერში 4-მა კომპანიამ გაიმარჯვა. ეს კომპანიები ერთი და იმავე პირის მიერ დაფუძნებული 4 სხვადასხვა კომპანიაა. მძღოლებს დაუწესეს გადასახედები წამოიწყეს ფულის ამოღების პროცესი. როდესაც ჩვენ ამ კომპანიების მფლობელებს დავუსვით კითხვა, თუ საიდან უნდა მოეტანათ დაახლოებით 110-120 მილიონი ლარის ინვესტიცია, მათგან მივიღეთ დამამცირებელი პასუხი. რომ ეს ფირმის საიდუმლოებაა", - განაცხადა სამუშიამ.
მისი მტკიცებით, გაზრდილი გადასახადებით ეს კომპანიები ცდილობენ იმ ფულის ამოღებას, რომლითაც ოქტომბერში ახალი მიკროავტობუსები უნდა შეიძინონ.
"დღეს გაფიცულ ადამიანებს თავისუფალი ბიზნესის კეთებას ართმევენ. რეალურად ამ ადამიანებს შემოაყვანინებენ გადასახადებით ახან მანქანებს და პასუხისმგებლობაც სრულად მძღოლებს დაეკისრებათ. მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს ახალი ტენდერი და მასში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც რეალურად ფლობენ ავტოპარკებს", - განმარტავს სამუშია.