"შეიარაღებულ ჯგუფებს ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში გადმოსასვლელად საზღვარზე არსებული საკონტროლო გამშვები-პუნქტები საერთოდ არ სჭირდებათ," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ინტერვიუში და აქვე უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების გამო საქართველოში შესაძლოა იატაკქვეშეთის წარმომადგენლებმა შემოაღწიონ.
"ამ დროსთვის ჩრდილოკავკასიიდან 60 ათასამდე ადამიანს აქვს საზღვარი გადმოკვეთილი და ისინი საქართველოში სამაგალითოდ იქცევიან, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობაა. ჩვენთან დანაშაულის მაჩვენებელი 5- ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთში. ჩვენთან არ არის კორუფცია არა მხოლოდ საგზაო პოლიციაში, არამედ კორუფცია საერთოდ არ არის. ჩვენთან არის წესრიგი და კანონის უზენაესობა. ამიტომაც ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, შეიარაღებულ ჯგუფებს, თუკი მათ საქართველოში გადმოსვლის სურვილი გაუჩნდებათ, ამისთვის "ოფიციალური გამშვები პუნქტები საერთოდ არ დასჭირდებათ".
"გამშვები პუნქტები არსებობს რუსეთის მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც. ძალიან კარგია ამ პუნქტებზე ეკიპირებაც, განსაკუთრებით რუსული მხრიდან, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ იქ შეიარაღებული ან საეჭვო ჩიტი შემოფრინდეს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.