"ავერსის კლინიკაში" მომატებული ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა. მსგავსი ტიპის ცენტრი საქართველოში პირველია. მასში კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად ადგენს, ტარდება კომპლექსური დიაგნოსტიკა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა.
"შედეგებზე ექიმთა ჯგუფი მსჯელობს _ იმის გამო, რომ მომატებული ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს მრავალი სხვა დაავადების გამო, იკრიბება კონსილიუმი, რომელსაც ესწრებიან ცენტრის ხელმძღვანელი (აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ასისტენტ-პროფესორი კობა სახეჩიძე), ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტები და განსაზღვრავენ მკურნალობის სტრატეგიასა და ტაქტიკას. მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად პაციენტთან გასაუბრებისა და სტანდარტული ანალიზების ჩაბარების შემდეგ, თავად უკავშირდებიან და აცნობებენ საბოლოო დასკვნას. თუ მომატებული ოფლიანობა რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქციით არის გამოწვეული, მიმართავენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს", - აცხადებენ "ავერსის კლინიკაში".
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდია დანერგილი: პრეპარატებით მკურნალობა (ტარდება ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები საჭირო პროექციაშ), იონოფორეზი (ელექტროფორეზი) (იძლევა ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედებას სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით). "კიურეტაჟი" (ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხდება საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევა) და თორაკოსკოპიული სიმპატექტომია (ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში). ამავე მეთოდებით მოხდება მკურნალობა საქართველოში ამ პროფილის პირველ კლინიკაშიც.