საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, საქართველოს ნატოსგან "MAP-ის ექვივალენტი" აქვს მიღებული.
ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას განაცხადა და სწორედ აღნიშნულით ახსნა ავღანეთის სამშვიდობი ოპერაციაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა.
"ნატოს ალიანსი ავღანეთში უსაფრთხოების დასაცავად აგზავნის ჯარს, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ალიანსი, ვინაიდან საქართველო პრეტენზიას აცხადებს ნატოს წევრობაზე და მას მაპის ექვივალენტი აქვს მიღებული ალიანსისგან", - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მან ინტერვიუს მსვლელობისას რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკის მიზანია, მოსკოვი ვერც ერთი დონის შეხვედრაზე მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას ვერ ასცდეს.
"ჩვენი პოლიტიკის მიზანია რუსეთმა იგრძნოს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, რა იდეაზეც არ უნდა ილაპარაკოს, რა თემაც არ უნდა იყოს განხილული - მას მოუწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი", - დასძინა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს.