ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად, მიმბაძველობით არიან დაკავებული, სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი და საშუალებაა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდულია, როდესაც აქცია ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად არის წარმოგიდგენი. ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებაზე თავად თქვა უარი და დღეს ქუჩაშია თვითგადაწყვეტილებით დარჩენილი. მათ სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ, რომ არა, იძახონ, რომ ახლა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას მოახდენენ. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის განცხადება არის განწირულ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციების ამოძახილი, რასაც არ შეიძლება, თავისი რეალური შედეგი ჰქონდეს. ოპოზიციას თუ დააკვირდებით, ძირითადად მიმბაძველობით არიან დაკავებული. სერბეთში აქციები იყო და ახლა მათ ბაძავენ. მანამდე სადღაც რაღაც მოხდა, ახლა იმათი წყლის გადასხმა უნდოდათ. ამ ადამიანებს საქართველოში სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პროვოცირება უნდათ. ექვსასი თუ რამდენი დღეა, აქციებს მართავენ, ამით ხელისუფლება არ შეცვლილა, პირიქით, მათი რეიტინგი უფრო უკან წამოვიდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.