ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რომლის მიზანიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, გმობს და ევროპულ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
კომიტეტი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააშორებს დემოკრატიას და ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს.
„ეს ხდება ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. კრიზისს თან ახლავს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რეპრესიული კანონები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოს კონსტიტუციური წყობის შერყევის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც სამიზნეში ამოღებული პარტიები პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებად მიიჩნევენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გააფრთხილა საქართველო, რომ დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში „ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას“ გამოიწვევს.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი ჩარჩო და მიიჩნია, რომ ის არაპროპორციულია და დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია. საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ოპოზიციის შუამდგომლობა ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსმენის შესახებ, ასევე ცალკე შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის თაობაზე.
ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ.
ევროპის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს და მოითხოვონ, რომ ეს მცდელობები შეწყდეს. დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური თავისუფლებები და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.
პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ხმებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაშინების შიშის გარეშე იმოქმედონ“, - ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსმენისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნის მიღების შესახებ.