ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე გაფიცული მძღოლები იკრიბებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მიკროავტობუსის ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, ისინი თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ შესაბამის ტენდერს აპროტესტებენ, რომელშიც "ერთი კვირის დარეგისტრირებულმა კომპანიამ" გაიმარჯვა.
"ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ყველა ის პროცედურა, რითაც ტენდერი ჩატარდა", - აცხადებენ მძღოლები.
ამასთან, ისინი მოითხოვენ მათთან გაფორდეს კონტრაქტი და "როგორც ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების შემთხვევაში ხდება, თვითღირებულების საწვავი უფასოდ მათაც მიიღონ".
"წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მგზავრობის საფასურის გაზრდა, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვსურს. ჯერ ერთი, რომ ამით ისედაც გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და მეორეც, ამით ჩვენ კლიენტურას დავკარგავთ, რადგან ისინი უპირატესობას სხვა, იმ სახის ტრანსპორტს მიანიჭებენ, რომლითაც მგზავრობაც შედარებით იაფი იქნება", - აცხადებენ მძღოლები.
ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე 200-მდე მძღოლია შეკრებილი. აქცია-გაფიცვის ორგანიზატორი კახა კუკავას "თავისუფალი საქართველოა".