შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე კასპში იმყოფება. მინისტრი სადაზღვევო კომპანია "ალფას" გენერალურ დირექტორ ედუარდ ცხოვრებაძესა და "ავერსის" დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან ერთად რაიონში მიმდინარე კლინიკის მშენებლობას დაათვალიერებს.
ულტრათანამედროვე კლინიკა 15 საწოლზეა გათვლილი, რომლის მშენებლობაც 2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ამჟამად საავადმყოფოს შიდამოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
მშენებლობას საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში სწორედ სადაზღვევო კომპანია "ალფა" ახორციელებს. მშენებლობაში დასაქმებულია უპირატესად ადგილობრივი კადრი. საავადმყოფოს მშენებლობაში იდება რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია.
კლინიკა აღჭურვილი იქნება მსოფლიო დონის სამედიცინო აპარატურით, ჩატარდება ყველა სახის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული და სადიაგნოსტიკო კვლევები. იწარმოებს სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები. სტაციონარს ექნება სამშობიარო და ინფექციური პალატები.