თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში "თბილისი 2007"-მა მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების კანდიდატებით სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა ერთადერთი მარცხი მასპინძელთა ნაკრების ლიდერებით დაკომპლექტებულ კლუბთან იწვნია - 2:5.
საქართველოს სპირიტს დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯგუფურ ეტაპზე "თბილისი 2007" აზერბაიჯანულ და ბელარუსულ გუნდებთან ერთად მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ბელარუსთა ნაცვლად ბერძნებსა და უნგრელებს უნდა ეჭიდავათ, მაგრამ ცვლილება ბოლო მომენტში განხორციელდა. დავით ხურციას გაწვრთნილმა გუნდმა ორივე ჯგუფური შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით - 4:3 მოიგო. შემდეგ კი მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს ძალიან ადვილად - 6:1 სძლია.
"შედეგით კმაყოფილები ვართ, რადგან ამ ეტაპზე, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ნაკრების კანდიდატთა გამოცდა იყო. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა მოჭიდავეებით დაკომპლექტდა და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგადაც გაართვეს. ევროპის საკლუბო ჩემპიონატით 2009 წლის სეზონი დასრულდა", - განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
60 კგ - მალხაზ ქურდიანი
66 კგ - გოგა ხუჭუა
74 კგ - მალხაზ მუზიაშვილი
84 კგ - დავით მარსაგიშვილი
96 კგ - ბელდუხ გავაშელიშვილი
120 კგ - გიორგი საკანდელიძე