რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ კუთხით რუსი ბიზნესმენის, მიხეილ ხოდორკოვსკის საქმეზე "ამერიქან ინტერპრაიზი"-ს ინსტიტუტში იმსჯელეს.
ორ საათიანი დისკუსიის დროს ყურადღების მიღმა არც რუსულ-ქართული ურთიერთობების კრიზისი დარჩენილა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რუსეთის საკითხებში დენიელ რასელმა განაცხადა, რომ "გადატვირთვის" პოლიტიკა რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის რიგ საკითხში წარმატებული იყო, თუმცა კვლავ რჩება უთანხმოება, რომელზეც ხმამაღლა საუბარს შეერთებული შტატები არ ერიდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ეს აუცილებელია".
"რუსებს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდათ რიგ საკითხებში შეერთებულ შტატებთან შარშანდელი ზაფხულის შემდეგ, როდესაც ჩვენი პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ისინი მუშაობდნენ ორმხრივ ურთიერთობებზე და ვაჭრობის საკითხებზე ჩვენთან და ევროკავშირთან. თუმცა შეთანხმება საჭიროა საქართველოსთანაც და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსაც და საქართველოსაც ერთად მუშაობისკენ, რომ შეეცადონ უთანხმოების მოგვარებას", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ რასელმა.
ამას გარდა, მსჯელობის დროს თავისი აზრი რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე რამდენიმე ანალიტიკოსმაც გამოთქვა.
"რუსეთის ხელისუფლებას შეიარაღება ირანში არ განუთავსებია, სამაგიეროდ, შეიარაღება განათავსა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რუსეთმა ამით პრობლემები და საფრთხე შეუქმნა საქართველოს", _ განაცხადა ფონდ "ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის" პრეზიდენტმა, კატონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ანდრეი ილარიონოვმა.