ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - საკითხები, რომლებიც სტეინბერგი-გორდონის ვიზიტის დროს თბილისში განიხილებოდა, ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისევ ახსენა.
ამერიკელი დიპლომატების საქართველოში ვიზიტზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ფილიპ ქროულიმ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. საუბრის ძირითადი თემა მაინც ლიბიის მოვლენები იყო, თუმცა ქროულიმ ყურადღება დაუთმო ყველა იმ საკითხს, რომელიც უცხოელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ.
"ფილიპ გორდონისა და ჯეიმს სტეინბერგის საქართველოში ვიზიტი მოყვა იმ მოლაპარაკებას, რომელიც სახელმწიფო მდივანს ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის დროს განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული საკითხები, ურთიერთობა რუსეთთან, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემა, საქართველოს როლი ევროპის განვითარებაში, ეკონომიკა რეფორმები და სხვა არაერთი საკითხი", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ ქროულიმ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.