ბელარუსმა 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი აშშ-მა ორ ბელარუსულ კომპანიას სანქციები მოუხსნა. შეთანხმება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოალის, მინსკში ვიზიტისას შედგა.
კოალმა პატიმრების გათავისუფლებას სანქციების გაუქმების სანაცვლოდ „კეთილი ნების ჟესტი“ უწოდა. მისი თქმით, შემდგომმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა „ახალი გათავისუფლებები და სანქციების დამატებითი შემსუბუქება“ გამოიწვიოს.
აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესეს, რაც 2022 წელს ბელარუსმა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა მისცა.
ახლა ვაშინგტონმა სანქციები ნაწილობრივ შეამსუბუქა. შეზღუდვები შეეხებოდა საღებავებისა და ლაქების მწარმოებელ კომპანია „ლაკოკრასკას“ და ხე-ტყის ინდუსტრიის ჯგუფ „ბელლესბუმპრომს“.
ბელარუსის ციხეებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება, მათ შორის ჟურნალისტები, აქტივისტები და 2020 წლის საპროტესტო აქციების სხვა მონაწილეები. ისინი ალექსანდრ ლუკაშენკას ხელახლა არჩევის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.