საქართველოს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ევროპული სისტემის ნაწილად ქცევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორთან, ჟან ლუი ლორანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერეს წარმოადგენს ევროპული სისტემის ნაწილად ქცევა, ჩვენი სოციალური კეთილდღეობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება თუ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ მაინც არ ჩატარდა სამართლიანი არჩევნები და არ შეიქმნა წინაპირობები ხელისუფლების კონსტიტუციური, სამართლიანი, სამართლებრივი გზით ცვლილებისა", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში ევროპული სტრუქტურების ჩართვა საჭიროა დღესვე და არა სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, რათა მათ უფრო მეტი დადებითი გავლენა მოახდინონ შედეგზე, რომელიც უნდა აისახოს არჩევნების სამართლიან, სანდო გარემოში ჩატარებაში.
"გასაკვირი არ არის, რომ ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორთან ჩვენ გვქონდა საუბარი პოლიტიკურ, დემოკრატიული ტრანსფორმაციის საკითხებზე. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ მორიტორინგს და მეთვალყურეობას უწევს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამიტომ არა მხოლოდ დაინტერესებული, არამედ მოვალე სტრუქტურაა საიმისოდ, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული მოლაპარაკებათა პროცეში, რომელიც ამჟამად ქართულ ოპოზიციასა და ხელისუფლების პარტიას შორის მიმდინარეობს", - დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პაატა დავითაია, გურამ ჩახვაძე და გიორგი თარგამაძე ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორს, ჟან ლუი ლორანს შეხვდნენ.