საპარლამენტო ოპოზიცია ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და პოლიტიკურ საკითხთა დირექტორს ჟან ლუი ლორანს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განუცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
"შეხვედრაზე ორი ძირითად საკითხს შევეხეთ. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ოკუპირებული ტერიტორიები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო არა მარტო რეზოლუციებს იღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე ხდება მისი მონიტორინგიც", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, მეორე საკითხი საშინაო პოლიტიკას შეეხებოდა, კერძოდ კი საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესს.
"საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესით დაინტერესებულია ევროსაბჭოც, რომ საქართველოში ნორმალური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა მოხერხდეს", - დასძინა დეპუტატმა და აქვე აღნიშნა, რომ პროცესის წარმატებით დასრულებაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და უმრავლესობას ეკისრება.
ჩახვაძის თქმით, საარჩევნო კოდექსზე სამუშაო პროცეს მონიტორინგს ვენეციის კომისია და ევროპის საბჭო მუდმივად გაუწევს.