ხვალ, 24 თებერვალს, კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი თბილისს ეწვევა. თბილისში ჩამოვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონიც.
დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს. მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. გაიმართება მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კავკასიის შემდეგ, დელეგაცია ბოსნიასა და ალბანეთში გაემგზავრება.