უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დნიპროში მზესუმზირის ზეთის მწარმოებელ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთის იერიში შეაფასა. საწარმო ამერიკული აგროინდუსტრიული გიგანტის, Bunge-ს საკუთრებაშია.
„ეს შემთხვევითი არ არის - ეს არის მოსკოვის მიერ ამერიკული საწარმოებისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ტერორის სისტემური კამპანიის ნაწილი. ეს მოხდა სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც სუმის ოლქში ამერიკელების საკუთრებაში არსებულ კიდევ ერთ კომპანიაზე თავდასხმა განხორციელდა“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.
რუსეთის იერიშის შედეგად საწარმოში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქარხანა სერიოზულად დაზიანდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას.
მისივე თქმით, ასევე საჭიროა რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება, რათა მოსკოვმა ომი შეწყვიტოს და კონსტრუქციულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.
დნიპროში კვების მრეწველობის საწარმოს რუსეთის ძალებმა 10 სექტემბერს ორჯერ შეუტიეს. თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს „ოლეინას“ ზეთის ქარხანაზე, რომელიც ამერიკული კომპანიის, Bunge-ს შემადგენლობაში შედის.