ვლადიკავკაზში ჩატარებული ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე რუსეთს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "დაუმორჩილებელი" ბოევიკების ლიკვიდირება, მათთვის პრევენციული დარტყმების მიყენებისა და "საკუთარ სოროებში" განადგურების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ეს გარეწრები ქალებსა და ბავშვებს არ ერიდებიან. არ არის საჭირო მათი დანდობა. ბოევიკებისთვის დარტყმების მიყენება, დაუმორჩილებლების განადგურება უნდა გაგრძელდეს. საუბარი არ ეხება მხოლოდ ტერორისტებისათვის შურისძიების აქციას, ისინი სასამართლოს უნდა გადაეცენ, ხოლო თუკი წინააღმდეგობას გასწევენ, უმოწყალოდ უნდა განადგურდნენ", _ განაცხადა მედვედევმა ვლადიკავკაზში და დასძინა, რომ "დარტყმები მათ სოროებზე უნდა განხორციელდეს".
"ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი და გაჩერება არ შეიძლება", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში განადგურებულ იქნა 332 ბანდიტი, მათ შორის 40 მეთაური, მხოლოდ ბანდფორმირებების 600 მონაწილე სასამართლოს გადაეცა.