უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ.
სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაზე რუსეთის დარტყმა სერიოზული ესკალაციაა და გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მოითხოვს.
„მოსკოვმა ეს დარტყმა სწორედ სამშვიდობო ძალისხმევის განახლების მომენტში განახორციელა, რითაც დიპლომატიის მიმართ თავისი ნამდვილი დამოკიდებულება აჩვენა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - წმინდა სოფიას ტაძარიც“, - განაცხადა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, „მტკიცედ დაგმონ ეს ქმედებები და პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ“.
„ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, მტკიცედ მოახდინოს რეაგირება და გაააქტიუროს ძალისხმევა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, რომელიც საფრთხის ქვეშ იმყოფება“, - დასძინა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.