უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, პარლამენტის ნდობის ჯგუფს დახურულ ფორმატში საფრთხეების შეფასების დოკუმენტი გააცნო.
"საფრთხეების შეფასების დოკუმენტში, რომელსაც ადევს გრიფი "სრულიად საიდუმლო", ასახულია არა მარტო ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, არამედ დეტალურადაა განხილული ყველა პოტენციური სცენარი და მასზე რეაგირების სქემები. დოკუმენტი ძალზე მგრძნობიარეა და პარლამენტის ნდობის ჯგუფთან მისი განხილვა მნიშვნელოვანია, რათა საკანონმდებლო ორგანოს ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პოტენციურ საფრთხეებზე და მათი განეიტრალების რესურსის თაობაზე", - განაცხადა ქუთელიამ.
ნდობის ჯგუფის წევრი, უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა. მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიები და მთავრობა ვიწრო ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდნენ.
ნდობის ჯგუფში პარლამენტის 5 წევრია გაერთიანებული, საიდანაც სამი საპარლამენტო უმრავლესობას, ორი კი უმცირესობას წარმოადგენს.