გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიუჯეტში შემავალი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტში გადავა. როგორც დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, საგზაო დეპარტამენტისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების უწყების მუშაობა კოორდინირებულად განხორციელდება და შედეგიც უფრო ეფექტური იქნება.
"ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩვენს სამინისტროში გადმოსვლა მნიშვნელოვანი საკითხია. პრობლემა აწუხებდა საგზაო დეპარტამენტსაც, იმ ნაწილში რომ ზიანდებოდა ხიდები, გზები. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უფრო ეფექტურები ვიქნებით", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დაგეგმარებისას საგზაო დეპარტამენტს მეტი ინფორმაცია აქვს და ასეთ ვითარებაში ნაპირსამაგრი სამუშაოს განხორციელებისას ზიანი აღარ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ნაპირსამაგრ სამუშაოებს გარემოს დაცვის სამინისტროს ნაცვლად, რეგიონალური განვითარების სამინისტრო განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული ნაპირსამაგრი სამუშაოების ფუნქცია რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეცემა და გზების დეპარტამენტთან ერთად ის იქნება ნაპირსამაგრი სამუშაოების პოლიტიკის გამტარებელი.