გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით ხელისუფლება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შეთავაზებულ ოთხ წინადადებას გაითვალისწინებს. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა აღნიშნა.
კერძოდ, "პატიმრობის კოდექსში" ჩაიწერება, რომ გრძელვადიანი პაემნისთვის დაწესებული საფასური (60 ლარი) მასთან დაკავშირებული მიზნების გახორციელებას მოხმარდება. ასევე გაჩნდება ჩანაწერი, რომ პაემნების ოთახში შექმნილი პირობები ადამიანის ღირსებას არ უნდა ლახავდეს და მასში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.
მთავრობა გადახედავს "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო შეთავაზებას, 2012 წლის 1-ელ ივნისამდე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის და პატიმარი ქალებისთვის ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის მომატების საკითხის შესახებ და დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრებულებისთვის ხანგრძლივი პაემნების უფლების მიცემის საკითხს.
საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა ის შეთავაზება, რომელიც პატიმრისთვის გრძელვადიან პაემანზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა და პაემნის შეწყვეტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას შეეხებოდა.
რაც შეეხება "ქართული დასის" ინიციატივას, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეღავათები ამოქმედებულიყო, აღნიშნულის გათვალისწინებაზე მთავრობამ უარი თქვა.