პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს "ქრისტიან-დემოკრატებმა" რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდეს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატები" სხდომის წამყვანს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მაჭავარიანმა ოპოზიციონერი დეპუტატების სხვადასხვა თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა.
დებატები იმ ტრადიციის დარღვევას მოჰყვა, რომ უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციონერების კრიტიკას ბოლოს პასუხობს. დღეს კი უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოსვლებში პეტრე ცისკარიშვილის შემდეგ ჩაეწერა. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს განცხადება უკვე გაკეთებული ჰქონდა, თარგამაძეს მაჭავარიანმა უპასუხა. ლევან ვეფხვაძემ კი მას მოუწოდა, დაიცვას რეგლამენტი, რომელიც სხდომის წამყვანს არ აძლევს უფლებას, აკეთოს კომენტარები დეპუტატების გამოსვლებზე და თუ განცხადებებს აკეთებს, მაშინ სხდომის წაყვანა სხვა ვიცე-სპიკერს უნდა გადააბაროს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მაჭავარიანმა რეგლამენტის 134-ე მუხლი სრულად წაიკითხა და განმარტა, რომ უპასუხა განცხადებებს, რადგან მას პირადად მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს დებატების დაწყებამდე ლევან ვეფხვაძემ მაჭავარიანისგან პირველი შენიშვნა მიკროფონის გარეშე რეპლიკების გაკეთების გამო და მეორე შენიშვნა სხდომათა დარბაზში პალტოთი შესვლის გამო მიიღო.