"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"კომისიამ მოვალეობა კარგად შეასრულა. მას არ ჰქონდა იმის მანდატი, რომ პრეზიდენტის მკვლელობაში დამნაშავეები დაესახელებინდა, თუმცა დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით ხარვეზებია, მათ შორის ტექნიკური", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება არასწორად იყო წარმართული, საქმეში არ არსებობდა ნივთმტკიცებები და გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია მხოლოდ მოწმეთა ჩვენების მიხედვით დამტკიცდა, თუმცა მოგვიანებით კომისიის მუშაობის დროს გამოჩნდა, რომ ეს ჩვენებებიც ურთიერთგამომრიცხავი იყო.
"ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი თავიდან დაიწყოს", - აღნიშნა დეპუტატმა.