საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების საქმიანობას დადებითად აფასებს.
"ჩვენ პიტერ სემნების საქმიანობას პოზიტიურად ვაფასებთ, წინააღდმეგ შემთხვევაში მისი საქმიანობა მოლაპარაკების საგანი გახდებოდა. ის საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა თავის საქმიანობას, საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობდა... ერთის მხრივ გულდასაწყვეტია, რომ პიტერ სემნები ტოვებს პოსტს, ხოლო მეორეს მხრივ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროკავშირი მის სხვა ადამიანით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მივესალმებით", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ევროკავშირმა საკუთარი წარმომადგენელი გამოყოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რამდენიმე მისია "ჩვენი ნებართვის გარეშე გაუქმდა".
"რა თქმა უნდა, ევროკავშირის უშუალო მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარებისა და სხვა მიმდინარე საკითხებში უაღრესად მნიშვნელოვანია", - დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.