საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
"ეს უაღრესად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს ის მსხვერპლია, რომელსაც ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით. სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ვერაფერს აკეთებს", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ავღანეთში ნებისმიერი სახის მსხვერპლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.
"უნდა გვახსოვდეს ის, რომ ავღანეთში ნებისმიერი სახის მსხვერპლი, რომელსაც ქართველი ბიჭები იღებენ, ემსახურება ბევრად უფრო დიდ მიზანს, რომელსაც ანტიტერორისტული ბრძოლა და საკუთარი სიცოცხლის ფასად მრავალი ადამიანი სიცოცხლის დაცვა ჰქვია", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა. ამასთან, აფეთქების შედეგად დაჭრილია კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე.