საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის უსამართლო ბრალდებებზე პასუხის გაცემას დროის დაკარგვად აფასებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გამოხმაურებისას განაცხადა.
ცისკარიშვილმა უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გამოსვლით დღევანდელი დებატების დასრულება გააპროტესტა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს სთხოვა, რომ "თუ ბატონი გიორგის მიხრიდან უსამართლო ბრალდებებს ადგილი ექნება, იმედი მაქვს შესაბამის პასუხს მიხეილ მაჭავარიანი გასცემს".
ასევე, უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ ისინი მხოლოდ კითხვებს სვავენ და მასზე პასუხები არ აინტერესებთ.
"ნიშანდობლივია, რომ უმცირესობას ჩვენს მერე უნდა გამოსვლები, რადგან მათ ჩვენი პასუხები როგორც ჩანს არ აინტერესებთ, არადა როდესაც კითხვას სვავ ლოგიკურად მასზე პასუხის გაცემას უნდა ითხოვდე", - დასძინა ცისკარიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობას სამშაბათისთვის თავის განცხადებები აქვს მომზადებული, მაგრამ ძირითად დროს ოპოზიციის უსამართლო ბრალდებებზე პასუხის გაცემაში კარგავენ.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო დებატების დასასრულს სხდომის თავმჯდომარეს უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გამოსვლა სთხოვა, რაზეც მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ დებატებს უმრავლესობა ასრულებს, საქართველოში დემოკრატია და თარგამაძეს გამოსვლის უფლებას ვაძლევ".