ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა ურჩევენ. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, უმჯობესი იქნება ხელისუფლებამ ოპოზიციის განცხადებებსა და დასმულ საკითხებზე მხოლოდ ირონიის მოფიქრება, პრობლემების გადაჭრის გზების გამოძებნით შეცვალოს.
მისი თქმით, ის საკითხები, რაზეც ოპოზიციამ დღეს ისაუბრა და ზოგადად საუბრობს, არ არის ოპოზიციის მოგონილი.
"თქვენ დაშორებული ხართ იმ რეალობას, რითაც ხალხი ცხოვრობს. შემთხვევითი არ არის ის, რომ პრეზიდენტმა აქ გამოსვლისას ფანტაზია მოიშველია, რადგან, ხალხის დილა და თქვენი დილა, დიდი ხანია განსხვავდება ერთმანეთისგან", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, რამდენიმე წელია მიმდინარეობს სიღარიბის დაძლევის პროგრამა, თუმცა მის პარალელურად ღარიბების რიცხვი მატულობს, ასევე, მიმდინარეობს დასაქმების პროგრამა, მაგრამ დაუსაქმებელთა რიცხვმაც იმატა, ასევე, ინფლაციამ დეკემბერშიო 13 პროცენტს "მიუკაკუნა".
"ხელისუფლება იაფი დაზღვევის პროგრამაზე საუბრობს, ამ დროს კი დაზღვევა გაძვირდა და გაძვირდა ის კორპორატიულად დაზღვეულებისთვისაც", - დასძინა უმცირესობის ლიდერმა.
აქვე თარგამაძემ გუშინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო "დადგმებზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გლეხებთან ერთად ბუხართან ჩამოჯდომას ტელეკამერების თანხლებით და ხელისუფლებას ურჩევნია, რეალურად გაეცნონ რეგიონებში რა ხდება და ვითარებაში მხოლოდ კამერების თანხლებით, გამგებლების მიერ შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას არ გაერკვნენ".
"ამიტომ, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ, ნუ დაიწყებთ ფიქრს თუ როგორი ირონიით გვიპასუხოთ, არამედ დაიწყეთ ფიქრი პრობლემების მოგვარებაზე", - მიმართა თარგამაძემ უმრავლესობის წევრებს.