საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სასურსათო ვაუჩერების გაცემა 10 მარტიდან დაიწყება. "საქართველოს მთავრობამ მუშაობა დაიწყო სასურსათო ვაუჩერების პროგრამაზე. სასურსათო ვაუჩერების პროგრამა მარტიდან ამოქმედდება. კერძოდ მათი დარიგება 10 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერი ენერგოვაუჩერების გაცემის თემასაც შეეხო. მისი თქმით, პროგრამის მიმდინარეობის დროს შესაძლოა დაშვებული ყოფილიყო გარკვეული უზუსტობები და ხარვეზები.
"მივმართავ თითოეულ ოჯახს, რომელიც ამგვარ დახმრებას ელოდება - ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს. ხარვეზებზე მუშობა ვაუჩერების დარიგების პროცესის პარალელურად მიმდინარეობს და მასზე ისევ ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ, ასევე ზუსტდება სიები. ამ მხრივ, სამინისტროების გარდა, შესაბამისი დავალებები მიეცათ პრეზიდენტის რწმუნებულებსაც", - განაცხადა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
მანჯგალაძის თქმით, ენერგოვაუჩერების დარიგება აქტიურ ფაზაშია შესული და ბოლო მონაცემებით 97 პროცენტი დარიგდა თბილისში, ხოლო რეგიონებში 80 პროცენტზე მეტი. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ეს პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.
მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოჩენა იმ თანამემამულეების მიმართ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. "პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, ვაუჩერი დაუთმონ მათ, ვისთვისაც ამ ტიპის დახმარება უფრო საჭიროა", - დასძენს მანჯგალაძე.