საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის სიბრმავეში "მხილებული" საპარლამენტო ოპოზიცია სიყრუეში დაადანაშაულა. როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ყრუ ოპოზიციის პრობლემაა, თუ ჰგონიათ, რომ ხელისუფლება ხალხის გაჭირვებას ვერ ხვდება და აქვე დასძინა, რომ "დემაგოგიასაც აქვს საზღვრები, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ იცის".
ამასთან, გაბაშვილმა ოპოზიციას ხელისუფლების წინასაარჩევნო ლოზუნგიც შეახსენა - "საქართველო სიღარიბის გარეშე" და აღნიშნა, რომ მთავრობამ იცის, რომ საქართველოში პრობლემა სიღარიბეა და მისი გადაჭრის გზებზე მუშაობს.
"გილოცავ, რომ გასულხართ და გინახავთ სოფლები და გაგიგიათ, რომ ვაუჩერების დარიგებას აზრი აქვს. ჩვენ ვიცით რომ არსებობს ტექნიკური ხარვეზები. ვიცით და ვაგვარებთ იმიტომ, რომ თქვენსავით დემაგოგიით არ ვართ დაკავებულნი", - მიმართა ოპოზიციას გაბაშვილმა.