საპარლამენტო უმრავლესობას პოლიციის საქმიანობის პოლიტიკური შეფასებები არ აინტერესებს, _ აღნიშნულის შესახებ დღეს, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოხმაურებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად პოლიციის სისტემაში გამოვლენილი კანონდარღვევებისა უმრავლესობა პოლიციის წარმატებულობაზე კამათს არ აპირებს.
"მთელმა საქართველომ იცის, რომ პოლიციის რეფორმა არის წარმატებული. ამიტომ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების შეფასება", - აღნიშნა მინაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ სპეკულირებისა, ხელისუფლებას ექნება მტკიცე პოზიცია, რომ პოლიციამ უნდა დაიცვას მოქალაქეები და დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ.
ამასთან, მინაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ როდესაც სამართლადამცველებზე საუბრობენ, აქვე ახსენონ, რომ საქართველო მოწინავეა წესრიგით.
"ხელისუფლების პლუსია ის, რომ ესმის გამოწვევები და შეცდომები და გამოსავალზე ფიქრობს. თუ დახმარება გინდათ, უნდა იყოთ კონსტრუქციულები და არა უსაფუძვლო არგუმენტების გამავრცელებლები", - დასძინა მინაშვილმა.