საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლო და პოლიციის სისტემაში შექმნილ პრობლემებზე საუბარს, ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა.
მინაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს სტატისტიკა შეახსენა და აღნიშნა, რომ სასამართლოს სამართლიანად და მიუკერძოებლად მოსახლეობის 80% მიიჩნევს.
"ოპოზიციას მხრიდან სასამართლოსთვის ზიანის მიყენება მიზანმიმართულად ხდება და არ შეუძლიათ ამ თემით არ ისპეკულირონ. ეს დარტყმები გრძელდება", - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება თავი დაიცვას და ამის გამო, ოპოზიცია უპასუხისმგებლობას აგრძელებს.
რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენის კლების ტენდენციას, მინაშვილმა ეს ფაქტი საერთაშორისო სტანდარტებით და პროკურატურის კვალიფიციურობით ახსნა.
"პროკურატურას საქმე არ მიაქვს სასამართლომდე, თუ არ არის ის მტკიცებულებებით გაჯერებული. თუ იცის, რომ მოხდება საქმის წაგება, არ ხარჯავს რესურს", - აღნიშნა მან.
საპროცესო გარიგებების ინსტიტუტი კი მინაშვილმა წარმატებულ ინსტიტუტად შეაფასა და დასძინა, რომ ეს არის თავისუფალი შეთანხმება და იწვევს რესურსების დაზოგვას.