"ამერიკული პროგრესის ცენტრის" ახალი ანგარიში დემოკრატიის საკითხში კრემლის მხარესაა", - ამის შესახებ გამომცემლობა " STANDARD "-ი წერს.
ჟურნალისტ ჯონ ნუნენის შეფასებით, ცენტრის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საქართველოში კონფლიქტი არა რუსეთმა, არამედ აშშ-მ გაამწვავა, თავისი მცდარი პოლიტიკური ნაბიჯებით.
"ამავდროულად ისინი აცხადებენ, რომ რუსული ოკუპაცია მასტაბილიზებელი ფაქტორია", -წერს ჟურნალისტი და აქვე დასძენს, რომ რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის მასტაბილიზებელი როლის იდეა თავისთავად სულელურია.
გარდა ამისა, გამოცემის შეფასებით, ანგარიში აშკარად იზიარებს რუსეთის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ მოსკოვი კონფლიქტის მონაწილე არ არის და ქართული კრიზისის გადაწყვეტაზე ერთობლივი მუშაობის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
"ის რომ რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არღვევს, სამართლიანი დიალოგისთვის დაბრკოლებაა - ეს განხილვის საგანს არ წარმოადგენს, ეს ფაქტია. შემდეგ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო როლი სამხრეთ-კავკასიასა და აფხაზეთში ფარსია. როგორც ინტერვენციამ ცხადყო, 2008 წლის ჩათვლით სამშვიდობოები კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ და არა ნეიტრალური ძალა. CAP-ი ამას არ იმჩნევს და კონფლიქტის გაჩაღებაში ამერიკას ადანაშაულებს", - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, ჟურნალისტის მტკიცებით, ანგარიშის სხვა ასპექტებიც აშკარად მხარს უჭერს რუსულ შეხედულებებს. რუსული ხედვა გაძლიერებულია მასზე მინიმალური აქცენტით და იმით, რომ კონფლიქტის პროცესში მისი როლი შეფასებული ფაქტობრივად არ არის.
"ანგარიშში არაფერია ნათქვამი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოს შექებაზე, ამ უკანასკნელის თავშეკავებულობის და კონფლიქტის გადაწყვეტისადმი კონსტრუქციული მიდგომის გამო. ის თავს იკავებს ახსენოს ის რუსული სტრატეგიები, რომელთა მიზანიც კავკასიის რეგიონში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებაა, ასევე აგრესიული შეიარაღებული ძალების გაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ-ოსეთის ომის შემდეგ. ამასთან, ჩAP-ი გმობს საქართველოში "ბერლინის" სიტუაციას. აშკარაა რომ 1948 წელს საჰაერო ხიდის ორგანიზებასა და კედლის დანგრევისკენ მოწოდებას ის უაზრო, პროვოკაციულ ნაბიჯად მიიჩნევდა. ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა საქართველოს მოსახლეობის 10% ომის დროს დევნილებად აქცია, ეთნიკური ქართველები ოკუპირებული ტერიტორიებიდან აყარა და მასობრივი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია", - ნათქვამია მასალაში.
" STANDARD "-ის შეფასებით, ანგარიშში ყველაზე უარესი ის არის, რომ ის ემთხვევა რუსულ პოზიციას იმ საკითხზე, რომ მოსკოვმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით მიუხედავად მისი გახანგრძლივებული სამხედრო ყოფნისა ამ ტერიტორიებზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესის ცენტრის ექსპერტებმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გასულ კვირას ანგარიში მოამზადეს.