გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ლიბიის ხელისუფლებას საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"მიუღებელია კადაფის მთავრობის მიერ მომიტინგეებზე განხორციელებელი თავდასხმები და ძალადობა. შემაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყო, როდესაც ლიბიის სამხედრო ავიაციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გაილაშქრა. აუცილებლად უნდა შეწყდეს ლიბიის მოქალაქეებზე ძალადობა. ეს სერიოზული კანონდარღვევაა საერთაშორისო სამართლის", - განაცხადა ლოს-ანჯელესში გამართულ ბრიფინგზე პან გი მუნმა.
ლიბიის მთავრობის წინააღმდეგ წავიდა რამდენიმე ლიბიელი დიპლომატიც. ლიბიის ელჩ ჩინეთში ჰუსეინ სადიქ ალ მუსრატის თქმით, დაუშვებელია მოამარ კადაფის მთავრობის ქმედებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მსგავსი განცხადება გააკეთა ლიბიის ელჩმა ინდოეთში ალი ელ ესავიმ. ესავიმ დღეს დილით თანამდებობა დატოვა.
ლიბიაში საპროტესტო ტალღა 7 ქალაქს გადაედო. საპროტესტო აქციები 1 კვირის წინ დაიწყო. დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. აქციებს ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით დაახლოებით 300 ადამიანია დაღუპული.
ლიბიიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გაიყვანა გერმანიამ და თურქეთმა. იგივეს აპირებენ სხვადასხვა კომპანიები და ქვეყნები.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ლიბიის ხელისუფლებას დემონსტრანტებზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელები გმობენ განხოციელებულ ძალადობას და ქვეყნის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას ურჩევენ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისრმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"მოვუწოდებთ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყვენების შეწყვეტისკენ და მხარეებს კი გამოიჩინონ თავშეკავებულობა", - განაცხადა ეშტონმა.
ეშტონმა ლიბიის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდა.
გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, ლიბიაში სტაციონალური და მობილური სატელეფონი კავშირის სადგურების გათიშვის შესახებ. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, ხელისუფლებამ ტრიპოლიში სახალხო მღელვარებაში მონაწილეთა წინააღმდეგ მასშტაბური აქცია წამოიწყო.
დემონსტრანების დასაშლელად ხელისუფლება სამხედრო ავიაციას იყენებს.