დიდი ბრიტანელი კომიკოსი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი ბოშების დასახლებაში დაიბადა, რომელიც "ბოშა დედოფალს" ეკუთვნოდა. იგი ჩაპლინის დედის ნათესავი იყო. ჩაპლინის ბიოგრაფიის ეს დეტალები მის არქივში აღმოჩენილი წერილის შედეგად გახდა ცნობილი.
წერილი, სადაც საუბარი იყო ჩაპლინის დაბადების ადგილზე, მსახიობის შვილებმა იპოვეს. წერილი კომიკოსს მისმა ნათესავამა ჯეკ ჰილმა გაუგზავნა. დოკუმენტის ტექსტი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ჩაპლინი ცენტრალურ ინგლისში, ქალაქ სმეტუიკთან, ბირმინგემის შემოგარენში დაიბადა.
მანამდე მიიჩნეოდა, რომ ჩაპლინი ლონდონში, მუზიკ-ჰოლის მსახიობების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ-უფროსი და ჰანა ჩაპლინი, ესტრადის მსახიობები იყვნენ.
ჩარლი ჩაპლინის ვაჟის _ მაიკლის თქმით, მამამისი წერილს საწერი მაგიდის უჯრაში ინახავდა. კომიკოსი გამოგონილი ისტორიებით უამრავ წერილს იღებდა, მაგრამ მათ მაშინვე ანადგურებდა. ჯეკ ჰილის წერილი კი შეინახა, რაც იმისი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ წერილში ასახული ჩაპლინის ბიოგრაფიის ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.