საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ყატარში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს, 20 თებერვალს, გრიგოლ ვაშაძე კატარის ენერგეტიკის მინისტრ მუჰამედ სალეჰ ალ სადს, ბიზნესმენთა ასოციაციის გენერალურ მდივანს ისა აბუ ისას, საინვესტიციო საზოგადოების სოფლის მეურნეობის კომპანია "ჰასად ფუდის" ხელმძღვანელს ნასერ მოჰამედ ალ ფუაიდ ალ ჰაჯრის და კატარის ავიახაზების აღმასრულებელ დირექტორს აქბარ ალ ბაკერს შეხვდა, გუშინ კი მან კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისთან, პრემირ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ-თანისთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან აჰმედ ბინ აბდალა ალ-მაჰმუდთან, კატარის საინვესტიციო საზოგადოების " katar diar "-ის თავმჯდომარესთან ღანიმ ბინ საად ალ საადთან და კატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდის თავმჯდომარესთან მუჰამედ ფაზი ალ საუდთან გამართა შეხვედრები.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრებისას მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.
საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, აჰმედ ბინ აბდალა ალ-მაჰმუდთან შეხვედრისას ხელი მოეწერა საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე ყატარში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს გაემგზავრა.