უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მობილიზაციისთვის მზადება შიდა რუსული დოკუმენტებითაც დასტურდება. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არჩევნების დასრულების შემდეგ წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის სწრაფად მობილიზებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წელს დაახლოებით ამდენივე ადამიანის.
„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშით რუსეთის მობილიზაციისთვის მზადების შესახებ. ყველაფერი დასტურდება რუსეთის შიდა დოკუმენტებით - ისინი მობილიზაციას შემოდგომაზე, სწორედ საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდეგ ამზადებენ.
პუტინის გეგმა არც ისე რთულია: მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები თითქოსდა მხარს უჭერენ ომს, რადგან ყველა პარტია, რომელსაც ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგია. შემდეგ კი, ე.წ. არჩევნების დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული ათასი რუსი მოქალაქის დამატებითი, სწრაფი მობილიზაცია იგეგმება, ხოლო მომდევნო წელს - კიდევ ამდენივეს. ეს იმ სამხედროების რეკრუტირების დამატებით, რომელთა აყვანასაც ისინი კონტრაქტით ცდილობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს გეგმა რუსეთის მიერ კონტრაქტით სამხედროების რეკრუტირების პარალელურად განხორციელდება. მისი თქმით, უკრაინა ემზადება, რათა რუსეთს ამ გეგმების განხორციელება მაქსიმალურად გაურთულოს.