დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დეპუტატები საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს განიხილავენ, რომლის ნაწილიც გასაიდუმლოებულია. შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ოთახში 15:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრების ინიციატივით ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა დაიწყო, რომლის თანმდევია საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც.
ნდობის ჯგუფში სულ ხუთი წევრი შედის, ესენი არიან თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე გივი თარგამაძე, ზაზა გელაშვილი და სამსონ ქუთათელაძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე.