დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სამ სააგენტოდ დაშლის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" კანონში.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებად დაიშლება.
სააგენტოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირებად ჩამოყალიბდება, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორცილებენ,
შეგახსენებთ, რომ ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ადმინისტრაციების გაერთიანება 2005 წელს მოხდა. მაშინ მთავრობის არგუმენტი იყო ის, რომ გაერთიანებული უწყება უფრო კარგად მოახდენდა ცალკეულ სფეროებზე ოპერირებას. დღეს კი მთავრობა აცხადებს, რომ დაშლილ უწყებებში უფრო კარგად მოხდება ამა თუ იმ სფეროს მართვა.
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია თავდაპირველად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ ის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ რეფორმა განიცადა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ გადაკეთდა, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია კვლავ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა.