დღეს, 22 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტრო ნოვატორული პროექტების განხორციელების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ერთ-ერთი პირველია იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროს ამ მასშტაბურ პროექტში ჩაერთვნენ.
დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედების შემდეგ, ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები სამინისტროს ქსელში მხოლოდ ელექტრონული ფორმით იმოძრავებს, რაც მუშაობის პროცესს უფრო მოქნილსა და ოპერატიულს გახდის.
უახლოეს მომავალში ახალი სისტემა სამინისტროს ვებგვერდზე გამოჩნდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შინიდან გაუსვლელად შეამოწმონ, რა ეტაპზეა მათი განცხადებები. მოქალაქეებისთვის იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ამ პროგრამის მეშვეობით, ინფორმაციის გაცემას ოპერატიულ რეჟიმში უზრუნველყოფს.
საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით ურთიერთობა სამინისტროს რეგიონალურ სამსახურებთან, ასევე სისტემაში ჩართულ სხვა სამინისტროებთან მნიშვნელოვანდ გაადვილდება.