23 თებერვალს, 17:00 საათზე, "ევროპის სახლი - საქართველო" უმასპინძლებს გამოფენას "აქეთ. ევროპელი ხელოვანები გარიყულაში, გარიყულა - ევროპის სახლში". გამოფენა 13 მარტამდე გაგრძელდება.
ევროპის სახლის პირველი მრავალდარგოვანი გამოფენა ხელოვნების გამაერთიანებელ ძალას ეძღვნება. "არტ ვილა გარიყულას" - ქართველ და უცხოელ შემოქმედთა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მეგობრობის სიმბოლოს - თბილისში პირველად ევროპის სახლი მასპინძლობს.
პოსტსაბჭოთა კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების პირველი სარეზიდენციო ცენტრი გარიყულაში 2000 წელს ყარამან ქუთათელაძის თაოსნობით დაარსდა. მას მერე არტ ვილა გარიყულა თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი კერა გახდა. გარიყულას მისიაა ევროპულ სახელოვნებო სივრცეში ქართული თანამედროვე ხელოვნების ჩართვის ხელშეწყობა.
გამოფენამ გააერთიანა გარიყულას სარეზიდენციო პროგრამის, საერთაშორისო პროექტებისა და ფესტივალის მონაწილე ევროპელი ხელოვანები. გარიყულას საქმიანობაში ისეთ ცნობილ ევროპელ შემოქმედთა აქტიური ჩართვა, როგორიცაა ჟან დიუპუი, ემილ ლოჟიე და გილბერტ ბრეტერბაუერი, დიდი მხარდაჭერისა და ნდობის ნიშანია კავკასიის რეგიონში ამ ჯერ კიდევ ახალი წამოწყების მიმართ. გამოფენის მონაწილეთა შორის არიან წარმოშობით ქართველი, მაგრამ ევროპაში მოღვაწე ხელოვანებიც, რომლებიც გარიყულას შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
გამოფენა მოიცავს ფერწერას, კონცეპტუალურსა და ხმოვან ხელოვნებას, გრაფიკას, ქანდაკებას, არტ-ობიექტს, ინსტალაციას, ვიდეო არტს, ფოტოს და ფოტო-კოლაჟს. ამ ნამუშევრების ნაწილი უშუალო ანარეკლია გარიყულას ან, უფრო ზოგადად, საქართველოსგან მიღებული შთაბეჭდილებებისა. წარმოდგენილი ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია. გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, ამანდა შტეგელი, დაესწრება გახსნას და 24 თებერვალს სემინარს ჩაატარებს სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის.