23 თებერვალს თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, თანამედროვე ჯაზური მუსიკის სამი გიგანტის - რიშარ გალიანო (აკორდეონი), ბირელი ლაგრენი (გიტარა), დიდიე ლოკვუდი (ვიოლინო) - კონცერტი გაიმართება.
მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე 2010 წლის უნიკალური ერთობლივი აკუსტიკური პროექტით წარდგებიან. გასული წლის განმავლობაში მათ ერთად ექვსი კონცერტი გამართეს ევროპაში, თბილისი მათი მეშვიდე მასპინძელი ქალაქია.
23 თებერვალს 14:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში (დარბაზი "სანადიმო") შემოქმედებითი ორგანიზაცია "თაგის არტი" გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ფრანგი მუსიკოსები ადგილობრივ მედიას შეხვდებიან.
რიშარ გალიანო მსოფლიოში სახელგანთქმული აკორდეონისტი, თანამედროვე მუსიკაში ახალი სტილის NEჭ MUშEთთE-ის შემქმნელია. იგი ასტორ პიაცოლას მუსიკის შეუდარებელი ინტერპრეტატორია. გალიანო ევროპელ მუსიკოსთა შორის ყველაზე პოპულარულია, ვისთვისაც თანამედროვე რიტმებითა და ეთნომოტივებით გაჯერებული ჯაზი დ კლასიკური მუსიკა შთაგონების წყაროა.
რიშარ გალიანომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სავსე დარბაზში კონცერტები ორჯერ, 2006 და 2007 წლებში გამართა. ქართველი მსმენელმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გალიანოზე. შედეგად მუსიკოსმა ახალი პროექტის საქართველოში განხორციელება მოისურვა.
ბირელი ლაგრენმა ადრეულ ასაკშივე გაითქვა სახელი ჯაზის სამყაროში. იგი გიტარაზე დაკვრის სრულიად ახალი სტილის შემქმნელისა და ექსტრაკლასის შემსრულებლის ჯანგო რეინჰარდტის მუსიკალური ტრადიციის გამგრძელებელია.
დიდიე ლოკვუდი, მევიოლინის ჟან-ლუკ პონტთან ერთად, სტეფან გრაპელის მიერ თანამედროვე ჯაზში დამკვიდრებული ფრანგული ჯაზური სავიოლინო მუსიკის ყველაზე ცნობილი შემსრულებელია.