თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სათბური დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
850 კვ.მეტრ ფართობზე განთავსებულ სათბურში პომიდორის, მწვანე სალათის ფოთლებისა და წიწაკის ახალი მოსავალი ყოველ მეოთხე დღეს მოჰყავთ. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით კი თბილისში მდებარე აგრარული ბაზრები და "პოპულის" ქსელის მაღაზიები მარაგდება.
უგულავას თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებელმა საჭირო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.
"პროგრამა "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით" სამი წელია მოქმედებს. პროექტის ფარგლებში, ბიზნესის სხვადასხვა სფერო ფინანსება. წელს გვინდა, პროგრამა უფრო მიზანმიმართული გავხადოთ და ბანკებთან ერთად ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, დაფასოება-კონსერვირებისა და ასევე სასათბურე მეურნეობის განვითარება დავაფინანსოთ", _ აღნიშნა უგულავამ.
ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ სათბურების განვითარებისათვის თბილისში ხელსაყრელი გარემოა, რადგან დედაქალაქის ცალკეულ ადგილებში თერმული წყლებია.
უგულავა დედაქალაქის სასურსათო უზრუნველყოფის სტაბილურობაზედაც ამახვილებს ყურადღებას.
"ჩვენი სურვილია, მიწა გრძელვადიანი იჯარით გამოვყოთ. ყოველივე ეს კი ბანკებს მეწარმის დაფინანსებას გაუადვილებს, რაც მცირე ბიზნესის დასაწყებად ნებისმიერი თბილისელისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. აქ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ არის დამოკიდებული სეზონზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ფასთა სხვადასხვაობასა და გაძვირებას იწვევს", _ აღნიშნა უგულავამ.