"ქრისტიან-დემოკრატები" გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგები არიან.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, როდესაც რომელიმე სამინისტრო თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, არ შეიძლება გააუქმო.
"ამ ლოგიკით შეიძლება დღეს საქართველოს პარლამენტი იყოს გასაუქმებელი, სადაც ისეთი პოლიტიკური ბალანსია წარმოდგენილი, რომელიც მთავრობაზე კონტროლს ვერ ახორცილებს. ამის გამო პარლამენტი უნდა გავაუქმოთ, თუ ვეცადოთ, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულოს?!" - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" არა თუ წინააღმდეგები არიან საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის, არამედ მოითხოვენ გარემოს დაცვის სამინისტროს შეუნარჩუნდეს და გაუძლიერდეს მარეგულირებელი ფუნქციები.
"არ შეიძლება ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცეს ფუნქციების ნაწილი, რადგან ეს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია. ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესებულია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით, ხოლო გარემოს დაცვა უნდა ფიქრობდეს, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს გარემოს და სახელმწიფოს", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერმა მთავრობას და პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებები შეახსენა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციით სააკაშვილი თვე-ნახევრის წინ აღებული ვალდებულებს არღვევს.