აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა ვაშინგტონს ახალი სამხედრო დარტყმებისგან თავის შეკავება სთხოვეს. მისი თქმით, ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მომავალი შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს ისეთი სამხედრო ძალით, სიმძლავრითა და მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.
მიუხედავად ამისა, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ თავდასხმა გადაგვედო, რადგან შეთანხმების ძირითადი პირობები უკვე შეთანხმებულია.
ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას.
ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე წარმატებული და აყვავებული ირანის მომავლისთვის, გადავწყვიტე დაგეგმილი თავდასხმა გავაუქმო, იმ პირობით, რომ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული.
ამ გადაწყვეტილებას ისრაელიც უერთდება.
ახლა ყველამ საქმეს მიხედეთ და შეთანხმება დაასრულეთ", - წერს ტრამპი.