საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების საქართველოში განვითარება გამორიცხულია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე პროცესის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან გაიგივება შეუძლებელია.
"საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურია და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მთელი რიგი სოციალური პროგრამებია დაგეგმილი, რათა მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე შეიქმნა", - აღნიშნა თორდიამ.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, საქართველო ძალიან განსხვავდება ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნებისგან, სადაც სხვადასხვა პრობლემასთან ერთად კორუფციაც ძლიერია.
"ამ მოვლენებთან საქართველოს შედარება შეუძლებელია და ვინც ამაზე საუბრობს, ურჩევნია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს", - დასძინა თორდიამ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული გეგმები აქვს შემუშავებული.